,,როცა პრეზიდენტი პოზიციას გვიწუნებს, რატომ არ ჩავრთეთ ზელენსკი, უმჯობესია საზოგადოებას აუხსნას, რას ნიშნავს ელჩის გაწვევა”- ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის შესაძლებლობა უდნა მიეცათ, საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიემართა.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, როდესაც ზურაბიშვილი ზელენსკის ჩართვას ითხოვს, როგორც ყოფილმა დიპლომატმა უმჯობესი იქნება აუხსნას საზოგადოებას, თუ რას ნიშნავს ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნიდან ელჩის გაწვევა.

„ნება მიბოძეთ, დავიტოვოთ უფლება და არ დავეთანხმოთ პრეზიდენტს მთელ რიგ საკითხებში. დიახ, დემოკრატია ეს არის, რომ პრეზიდენტს ცალკეულ საკითხებზე თავისი შეფასებები აქვს და ჩვენი შეფასებები არის განსხვავებული. ობიექტური რეალობა არის ის, რასაც ჩვენ ვიძახით. თუ ქალბატონი პრეზიდენტი სიღრმისეულად შეხედავს სურათს, ძნელი დასანახი არ უნდა იყოს, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანა ჩართული იყოს საომარ მოქმედებებში, საქართველოში მოეწყოს მეორე ბუჩა და გაიხსნას მეორე ფრონტი.

ამასთან, ვფიქრობ, ქალბატონმა პრეზიდენტმა კარგად იცის დემოკრატიის არსი და მნიშვნელობა და ის, რომ სასამართლოს წინააღმდეგ გახსნილი ორკესტრირებული ცეცხლი და შტურმი არ არის დემოკრატია. ქალბატონმა პრეზიდენტმა როგორც ყოფილმა დიპლომატმა უმჯობესი იქნება აუხსნას საზოგადოებას და კარგი იქნება განმარტებები, თუ რას ნიშნავს ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნიდან ელჩის გაწვევა მაშინ, როცა არც ერთი სხვა ქვეყნიდან, იმ ქვეყნებიდანაც კი, საიდანაც პირდაპირ ცეცხლი მიემართებოდა უკრაინის მისამართით, ელჩი არ გაუწვევია და ამ დროს გაუგებარი და მცდარი გადაწყვეტილების ფონზე, ჩვენი ქვეყნიდან გაგყავს ელჩი. ეს ნაბიჯი რამდენად არის მეგობრული, კონსტრუქციული? ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ და ამ ფონზე, როცა პრეზიდენტი გვიწუნებს და იძახის, რატომ არ ჩავრთეთ თურმე ზელენსკი, უმჯობესია ვითარება სრულად წარმოადგინოს. შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ზრდილობის ხარისხზე გვაქვს რაიმე პრობლემა, ეს არის ცალკეული პირების და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის აზრი, მას აქვს საკუთარი აზრის გახმოვანების უფლება, მაგრამ ეს შეფასებები არის სუბიექტური და როცა ჩვენ ვაკეთებთ პრინციპულ განცხადებებს, რომლის მიზანია ჩვენი ხალხის გაძლიერება და ამას ვინმე ეძახის ზრდილობის ნაკლებობას, ეს მისი პრობლემაა. ყველას ვპირდები, არც ერთი ნაბიჯი ქვეყნის საზიანოდ უკან არ იქნება,“ – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები