აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები „ყაზტრანსგაზ – თბილისის“ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ


დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისის“ წინააღმდეგ სარჩელი მზადდება, სადაც მატერიალური და მორალური კუთხით ორი მოთხოვნა იქნება დასაკმაყოფილებელი. ამის შესახებ, სამშენებლო კომპანიისა და იქ მაცხოვრებელი დაზარალებული მოსახლეობის უფლებადამცველმა ლექსო კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

„გადავწყვიტეთ, „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ შევიტანოთ სარჩელი. სათითაოდ დავითვლით რა ზიანი მიადგათ ადამიანებს და დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, მორალურ ზიანთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ დაახლოებით, 70 ოჯახს უშუალოდ შეეხო ტრაგედია და ამიტომ მოვითხოვთ მის ანაზღაურებას. აუცილებლად დავიცავთ მათ უფლებებს“, – განაცხადა უფლებადამცველმა.

ლექსო კობაიძის განცხადებით, მერიის და გამგეობის თანამშრომლები ცდილობენ პრობლემები სწრაფად გადაწყდეს და სახლის რეაბილიტირება მოხდეს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ გადასაჭრელი რჩება ისეთი პრობლემები, როგორიც არის დაზარალებული ადამიანებისა და ბავშვების ჯანმრთელობა.

„პირადად შევესწარი ფაქტებს, რომ ბავშვებს სტრესისგან ძილის პრობლემაც აქვთ. ადამიანებს ძალიან დიდი მატერიალური ზიანი მიადგათ“, -აღნიშნა უფლებადამცველმა.

შეკითხვაზე, თუ რა აძლევს უფლებადამცველს საფუძველს, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა აღნიშნულ კომპანიას დაეკისროს, ლექსო კობახიძემ განმარტა, რომ დაზარალებულების მხრიდან არაერთი გაფრთხილება იყო კომპანიის მისამართით, რათა მიეხედათ დაზარალებულებისთვის, ჩარეულიყვნენ მოლაპარაკებებში და აენაზღაურებინა ზიანი, რაც მიადგათ მაცხოვრებლებს, თუმცა, კომპანია მხოლოდ ფორმალური განცხადებით შემოიფარგლა, რომ უსამძიმრებს და მომხდარის გამო წუხილს განიცდის. “მოვუწოდებ ყაზტრანსგაზს, დაიწყოს ჩვენთან დიალოგი და ეს დიალოგი იყოს საჯარო. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე დავიწყეთ სარჩელზე მუშაობა, რომელიც ცოტა ხანში დღის სინათლეზე გავა“ -თქვა უფლებადამცველმა.

მსგავსი თემები