ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ არ ეგულება მამა, რომელიც თავისი შვილის დაცვას არ შეეცდება. ამავე პრინციპით მოქმედებს ექსპროკურორი მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით იმყოფება პატიმრობაში.
როგორც გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მისთვის მიუღებელია ოჯახის წევრების დასმენის პრაქტიკა, რაც წესად იყო ქცეული საბჭოთა პერიოდში, გასული საუკუნის 30-იან წლებში და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს.
“შემრცხვა იმ დევნის, რომელიც მომდინარეობდა დროებით საპარლამენტო კომისიაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან. – დაიჭირეთ ყველანი! – ჯერ სარალიძე ითხოვდა და შემდეგ გუნდად მოჰყვებოდა “ნაციონალური მოძრაობაა” და “ევროპული საქართველო”. შეიძლება ასეთი მამები არსებობენ, რომლებიც თავისი შვილის დაცვას არ შეეცდება, ძალიან სამართლიანი მამები ყოფილან და ღმერთმა ძალა მისცეთ. ამის გამო დევნის ისტერია იყო სამარცხვინო და ეს ვთქვი. შესაძლოა ამის გამო არის მადლიერი ჩემი სუბელიანი”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა და განმარტავს, რომ სუბელიანისგან მას არანაირი წერილი არ მიუღია, თუმცა მიღების შემთხვევაში მას აუცილებლად გაასაჯაროებდა.
ხაინდრავას შეფასებით, მირზა სუბელიანი დღეს არის სასოწარკვეთილი ადამიანი. ყოფილი პროკურორი, რომელიც წლების განმავლობაში დამნაშავეებს უშვებდა ციხეში, დღეს მათ გვერდით აღმოჩნდა. |
“აბსოლუტურად კარგად მესმის, რომ ეს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის მცდელობაა, როგორმე დააღწიოს თავი ამ ვითარებას. მე ეს გამოცდილი მაქვს და ვიცი. ძალიან ძლიერი ადამიანების გატეხილან ამ წნეხისგან, განსაკუთრებით, როდესაც ასეთი დევნა მიმდინარეობდა იმ კომისიის წევრების მხრიდან, რომლებსაც პრეტენზია აქვს სამართლიანობაზე და სისხლში ჩაახშეს ეს ქვეყანა, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. სწორედ მათი მხრიდან მიდიოდა ეს შეტევა. ეს არის ცინიზმი, როდესაც სუბელიანის მხარდამჭერად გამოდის “ევროპული საქართველო” და იძახის, ერთი თმა არ ჩამოუვარდეს სუბელიანს თავიდან, თორემ აღშფოთდება გვარამია. მეორე მხრივ,ფარულ ჩანაწერში რომ ამბობს სუბელიანი 50 -კაციანი დაჯგუფება მყავდაო, ამ ჯგუფის წევრების გვარები, სახელები დაასახელოს. ვინ იყვნენ მოწმეებს რომ აწამებდნენ, დაასახელოს მათი გვარები. ამდენ რამეს რომ ასახელებს ადამიანი, მარტო თქმა საკმარისი ხომ არ არის. “, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.
როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ამბობს, თავად ის არ უსმენს ფარულ ჩანაწერებს, რადგან მიაჩნია, რომ ადამიანებზე მიყურადებისა და თვალთვალის ეპოქა ქვეყანამ გაიარა. მისივე შეფასებით, ფარული ჩანაწერების გასაჯაროება არის ის კოშმარი, რომელშიც ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა” ამყოფოს ქვეყანა.
“აბსოლუტურად არ მაინტერესებს ფარული ჩანაწერები და არც “რუსთავი 2″-ს ვუყურებ. არ ვიცი რატომ იყო ჩემი გვარი ნახსენები. მირზა სუბელიანთან 2-ჯერ ვარ შენახვედრი, ანაკლიაში ფილმის გადაღებისას, ამით შემოიფარგლება ჩვენი ნაცნობობა”, – აცხადებს ხაინდრავა.