,,ფოტომასალით დასტურდებოდა, რომ სამუშაოები დარღვევით იყო ჩატარებული”- თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, მთაწმინდის რაიონში, ლაღიძის N12-ში მშენებლობის ნებართის ვადის გაგრძელებაზე დამკვეთს უარი ეთქვა. მერიის ცნობით, პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა.

,,მთაწმინდის რაიონში, ლაღიძის N12-ში არსებული შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა. შეთანხმებული პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შენობის
ფასადური კედელი.

ფოტომასალით დასტურდებოდა, რომ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული იყო შეთანხმებული პროექტის დარღვევით, დამკვეთს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა. დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა.

მოკვლევის პროცესში გატარდება საჭირო ღონისძიებები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით,”- ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მსგავსი თემები