რუსი ,,ჯაშუში ვეშაპი” ნორვეგიის სანაპიროსთან მკვდარი იპოვეს

ნორვეგიის სანაპიროებთან მცხოვრები რუსი ,,ჯაშუში ვეშაპი” 15 წლის ასაკში მოკვდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თეთრი ვეშაპი ნორვეგიის სანაპიროსთან 2019 წლის აპრილში აღმოაჩინეს. ის მეთევზეებმა კუნძულების ინგოიასა და როლვსოის მახლობლად მაშინ დააფიქსირეს, როცა მათი ნავების წინ გადაცურა.

ეს მოვლენა ყურადღების ცენტში მოექცა, რადგან თეთრი ვეშაპები იშვიათად მოძრაობენ პოლარული განედებიდან სამხრეთით ასე შორს. ამავდროულად ვეშაპის სხეულზე ღვედებით მიმაგრებული ჰქონდა ვიდეოკამერის სამაგრი და შესაკრავი, რომელზეც იყო წარწერა Equipment St. Petersburg.

ნორვეგიელებმა ვეშაპს დაარქვეს მეტსახელი ,,Hvaldimir”, რომელიც აერთიანებს სიტყვას ,,hval” (ანუ ნორვეგიულად ვეშაპი) და სახელს ვლადიმირ აშკარა მინიშნებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. გადარჩენის შემდეგ ჰვალდიმირი სანაპირო ქალაქ ჰამერფესტის მიმდებარედ ბინადრობდა.

ნორვეგიის დაზვერვამ დაიწყო საქმის გამოძიება და დაასკვნა, რომ ვეშაპი, სავარაუდოდ, რუსულ კვლევით პროგრამაში იყო ჩართული. როგორც ნორვეგიული გამოცემა Barents Observer-ი ირწმუნება, რუსეთის საზღვაო ფლოტს აქვს ზღვის ძუძუმწოვრების სამხედრო მიზნებისთვის წვრთნის დიდი ისტორია. გამოცემამ გამოაქვეყნა სატელიტური რუკებიც სადაც მათი მტკიცებით ასახულია ზღვის ცხოველების წყალქვეშა ვოლიერები მურმანსკის რეგიონის საზღვაო ბაზებთან ახლოს.

სამხედრო დამკვირვებელმა, გადამდგარმა პოლკოვნიკმა ვიქტორ ბარანეცმა როიტერთან ინტერვიუში თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ჩრდილოეთ რუსეთში მეცნიერები თეთრ ვეშაპებს იყენებდნენ ინფორმაციის შესაგროვებლად და არა საბრძოლო მისიების შესასრულებლად.

მსგავსი თემები