,,თუ ვინმეს რაიმე კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა”- ლევან ხაბეიშვილი

,,საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, თუ ვინმეს რაიმე კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 9 აპრილის აქციის მთავარი მოთხოვნა უკავშირდება კანდიდატის სტატუსს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

,,მთავარი მოთხოვნა უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთის გუბერნია, საქართველოში არ უნდა იყოს რუსული მთავრობა, რომელიც კრემლიდან წამოსული მესიჯებით საუბრობს და შესაბამისად, დღევანდელი აქციის შინაარსიც არის – ერთად შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ აქცია იქნება მრავალფეროვანი, რომ საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, ვისაც სურს საქართველოს ევროპული მომავალი, დღეს შევიკრიბებით და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება და არ აპირებს, საქართველო გადააქციოს რუსეთის გუბერნიად. ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ.

რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, მე მოვისმინე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების განცხადებები, ისინი არათუ უერთდებიან აქციებს, არამედ არიან თანაორგანიზატორებიც. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს იქნება აქციაზე, იქნება ორგანიზატორი. არავის აქციაზე მოსვლისკენ არ მოვუწოდებ, მოვუწოდებ საკუთარი მომავლის დაცვისკენ, საკუთარი ევროპული მომავლის დაცვისკენ და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ძალიან ბევრნი ვიქნებით ამ მოედანზე. საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, თუ ვინმეს რაიმე კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა. ჩვენ, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა ვიქნებით და ვართ ყველგან, სადაც საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები