„ეს უნდა გაითავისოს დიდმაც და პატარამაც, შინაც და გარეთაც“ – შალვა პაპუაშვილი

„ქართული ღირებულებები არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები; ამიტომ, საქართველო კი არ ისწრაფვის ევროპისკენ, საქართველო არის ევროპა. ეს უნდა გაითავისოს დიდმაც და პატარამაც, შინაც და გარეთაც“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმათება.

მისი თქმით, დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას – ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვენს ცხოვრებაზე უცხოური გავლენა.

„ორივე შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ გვიპირისპირდებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სიამაყე ჩვენი თვითმყოფადობის გამო, არ გააჩნიათ ეროვნულობის განცდა და კუთვნილება ქართულ საწყისებთან.  ისინი საქართველოზე უფრო მაღლა აყენებენ უცხოეთს, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, რომ ქართველმა კაცმა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი ბედი და მომავალი.

ჩვენი თაობებისათვის „დამოუკიდებლობა“ და „თავისუფლება“ არ არის მხოლოდ სიტყვები. ამ სიტყვებთან დაკავშირებულია ბრძოლა, მსხვერპლი, ტკივილი და დიდი სიხარულიც. ჩვენი ვალია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამაც გაიაზროს, რომ დამოუკიდებლობა ჩვენთვის არავის უჩუქებია, რომ მას მუდმივად ესაჭიროება დაცვა და განმტკიცება.

საკუთარი თავის შეცნობა მართლაც მტკივნეული აღმოჩნდა და კარგად გამოჩნდა, ვინ რას უწოდებს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ სწორად გაგვიგია, სწორად შეგვიცნია რა არის საქართველო, რა არის მისი სული და ღერძი“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა აქციაზე.

მსგავსი თემები