“სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მუშაობს”- ევროპარლამენტარი

“არჩევნების კარგად ჩატარება აუცილებელია ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის, მაგრამ პლურალიზმი და დემოკრატია ამაზე შორს მიდის – ნამდვილად ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რასაც ის დღემდე სიტყვებით, მაგრამ არა საქმით გამოხატავს” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, მასზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენდა ხალხის ერთგულება ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების მიმართ, თუმცა საქართველოს მთავრობის მოქმედება ამ მისწრაფებებთან წინააღმდეგობაშია.

„საქართველოსთან ერთად მრავალი წელია მუშაობ და მჯერა, რომ შემიძლია ჩემს თავს საქართველოს მეგობარი ვუწოდო. ერთი რამ, რაც ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენს მთელი ამ წლების განმავლობაში, არის ქართველი ხალხის ერთგულება ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების მიმართ. სამწუხაროდ, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობისა და სამთავრობო პარტიის ქცევა ძალიან ძლიერ კონტრასტშია ამ იდეებისა და მისწრაფებებისადმი ხალხის ერთგულებასთან“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ამ კონტექსტში მან საქართველოში ბოლო დროს მიღებულ კანონებზე ისაუბრა.

„კანონების მიღება, რომელიც ძლიერ აფერხებს ან ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, რომლებიც ავიწროებენ უმცირესობებს, მათ შორის ლგბტიქ თემს, ეს არის ნაბიჯები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებას. ევროპული ინსტიტუტები, ევროკავშირის წევრები საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები არიან, მიანიჭეს რა მას კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით, მაგრამ ეს არ არის შეუქცევადი გზა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ამ მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მუშაობს” – განაცხადა მან.

მსგავსი თემები