ხერსონის ოლქის დასახლებაში რუსეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მანქანა ააფეთქეს

უკრაინაში, ხერსონის ოლქის ურბანული ტიპის დასახლება ნოვოტროიცკოში, რომელსაც რუსული ჯარები აკონტროლებენ, რუსეთის ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მანქანა ააფეთქეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანის ქვედა ნაწილში იყო დამაგრებული. პოლიციელი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

საგამოძიებო კომიტეტი დაშავებულის ვინაობას არ ასახელებს. გამოცემა Astra-ს ცნობით, ნოვოტროიცკის შინაგან საქმეთა დეპარტამენტს სერგეი ლიაშკო ხელმძღვანელობს. უკრაინული მედიის ცნობით, ლიაშკო ადგილობრივი მკვიდრია და ომამდე პოლიციაში მუშაობდა. რუსული ჯარების იქ შესვლის შემდეგ კი ის დააწინაურეს.

მსგავსი თემები