ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შესახვედრად „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ. როგორც კოალიციის ლიდერები აცხადებენ, ისინი ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილის მოსასმენად მივიდნენ, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის საკითხი და „ქართულ ქარტიაში” შემავალი საკითხების შესრულების პროცესი განიხილონ.

როგორც ცნობილია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო. პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, რომელთაც გამოუცხადეს „სრული მხარდაჭერა პროცესს“.

პრეზიდენტთან შესახვედრად ორბელიანების სასახლეში დღესვე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ინიციატივით შედგენილ „ქართულ ქარტიას“, რომლითაც ქარტიაზე ხელმომწერები მთელ რიგ ვალდებულებებთან ერთად, იმის ვალდებულებასაც იღებენ, რომ შეასრულებენ “ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელსაც წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები