არალეგალი მიგრანტები რუსეთში ვეღარ შეძლებენ ბანკებით სარგებლობას, ტრანსპორტის მართვას, დაქორწინებას ან ბავშვების სკოლაში დარეგისტრირებას

რუსეთში მიგრაციის კონტროლის გამკაცრებას და მიგრანტებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას აპირებენ. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრ გოროვოის განცხადებით, რომელიც მიგრაციის პოლიტიკას კურირებს, რუსეთში ამჟამად უცხო ქვეყნის 6 174 000 მოქალაქეა. ქვეყნების ათეული, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე დიდი რაოდენობით არიან რუსეთში შემდეგია: უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ბელორუსი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი და თურქმენეთი.

,,თუ არალეგალურ ემიგრანტებზე ვსაუბრობთ, მათ შორის ძირითადად უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. სულ დაახლოებით 739 ათასი ადამიანია, ანუ დაახლოებით 9%, ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 30%-ზე მეტი იყო”, – განაცხადა ალექსანდრ გოროვოიმ.

მისი თქმით, 2025 წლის 5 თებერვლიდან ძალაში შევა კანონი, რომელიც მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა ორგანოების ჩინოვნიკებისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, მიიღონ გადაწყვეტილებები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რუსეთის ფედერაციიდან ადმინისტრაციული გაძევების შესახებ. ახლა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

რუსეთის ფედერაციაში შემოდის არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების ახალი მიგრაციული რეჟიმი. იქმნება კონტროლირებად პირთა, ანუ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების რეესტრი. რეესტრში შეყვანის შემდეგ ეს მოქალაქეები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, საბანკო მომსახურებით სარგებლობას, ქონების დარეგისტრირებას, ქორწინებას და განქორწინებას, ბავშვების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გაფორმებას.

როდის შეიქმნება რეესტრი, უცნობია. ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში მთავარ ამოცანებს შორის მინისტრის მოადგილემ ,,ზემოაღნიშნული სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან უწყებათაშორისი ელექტრონული ურთიერთქმედება” დაასახელა.

გარდა ამისა, როგორც გოროვოიმ თქვა, 2024 წლის 1 დეკემბრიდან მოსკოვის საჰაერო ჰაბის აეროპორტებში, ექსპერიმენტის სახით, ამოქმედდება რუსეთში შემოსული უცხოელების ფოტო და თითის ანაბეჭდის იდენტიფიკაციის პროცედურა.

მსგავსი თემები