,,არ არსებობს მტკიცებულება, რომ სოსო გოგაშვილმა რაიმე მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა”- გოგაშვილის ადვოკატი

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გოგაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოსო გოგაშვილმა რაიმე მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა.

მისივე თქმით, წერილობით სოსო გოგაშვილს არანაირი ინფორმაცია არ მოუპოვებია რომანოვსკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით.

,,არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოსო გოგაშვილმა რაიმე მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა რომანოვსკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, თუმცა არის საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი და მოწმე, სადაც სოსო გოგაშვილი ერთ-ერთ პიროვნებას ეკითხება, ნამდვილად გადმოკვეთა თუ არა საზღვარი ამა და ამ პიროვნებამ.

იმ პერიოდში, როცა სოსო გოგაშვილმა ეს ინფორმაცია მოითხოვა კონკრეტული პირისგან, ეს მოწმე იყო სუს-ის თანამშრომელი, თუმცა დღეს აღარ მუშაობს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება, სოსო გოგაშვილი კი არ არის დამნაშავე, რომ ეს ინფორმაცია სთხოვა, არამედ ის პიროვნებაა სავარაუდოდ, პოტენციური დამნაშავე და ბრალდებული, ვინც გასცა ეს ინფორმაცია, მაგრამ წერილობით სოსო გოგაშვილს არანაირი ინფორმაცია არ მოუპოვებია რომანოვსკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით”,- განაცხადა გოგაშვილის ადვოკატმა.

ცნობისთის, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით აქვს წარდგენილი.

მსგავსი თემები