“ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე, აშშ-მა არ უნდა გააკეთოს”- ეკა გიგაური

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მოწმის სტატუსით წარდგა. კომიტეტზე მოსმენა უკავშირდებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.

ეკა გიგაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით ავტოკრატები აძლიერებენ რუსულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას და ძირს უთხრიან პარტნიორობას აშშ-სთან და ევროკავშირთან.

გიგაური მბობს, რომ ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე აშშ-მა არ უნდა გააკეთოს და თავისუფლება მოპოვებულია იმ მოქალაქეთა მიერ, რომელთათვის აშშ ყოველთვის შთაგონების წყარო იყო.

„ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე, აშშ-მა უნდა გააკეთოს, ნაცვლად საქართველოს მოქალაქეებისა, რომელთა გააზრებული არჩევანია თავისუფლება ავტორიტარიზმის ნაცვლად. თავისუფლებას ვერავინ, ყველაზე დიდი მოკავშირეც, ვერ მოგანიჭებს. ის მოპოვებულია მოქალაქეთა მიერ, ვისთვისაც ამერიკა ყოველთვის იყო შთაგონების წყარო. მთავარი ისაა, რომ იქ, სადაც დემოკრატიის მხარდამჭერი ძლიერი მოძრაობები არსებობენ, ხოლო ამერიკასთან პარტნიორობას რუსეთის მსგავსი ქვეყნები უქმნიან საფრთხეს – რასაც ახლა საქართველოში ვადევნებთ თვალს – მოქალაქეების დემოკრატიული მისწრაფებების თანმიმდევრული მხარდაჭერა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.

საქართველოში ანტისამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონის შემოღებას, რომელსაც „რუსულ კანონს“ უწოდებენ სახალხო წინააღმდეგობა მოჰყვა. თუმცა ხელისუფლებამ მაინც განაგრძო წითელი ხაზების გადაკვეთა რუსული ყაიდის მმართველობის დასამყარებლად. ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფაქტობრივად გადამწყვეტი რეფერენდუმია. მკაფიო არჩევანი დემოკრატიულ, წარმატებულ ევროპულ მომავალსა და ჭაობში ჩარჩენილ რუსეთის სატელიტად გახდომას შორის. თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა, ეს დემოკრატიული განვითარების შანსებს საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსაც გაუქრობს. გეოპოლიტიკურად ეს ასე ითარგმნება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს და თავის გავლენის სფეროში მოგვაქცევს“- განაცხადა გიგაურმა.

 

მსგავსი თემები