რეჯეფ თაიფ ერდოღანი მუსლიმური ქვეყნების ლიდერებს ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ სამიტის გამართვისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მუსლიმური ქვეყნების ლიდერებს ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ სამიტის გამართვისკენ მოუწოდებს.  ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას მოუწოდა, მოიწვიოს საგანგებო სამიტი ღაზაში მიმდინარე ომისა და „ისრაელის მიერ იერუსალიმზე განხორციელებული თავდასხმების განსახილველად“.

„წარმოუდგენელია, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლის მოვალეობაა იერუსალიმის საკითხზე ზრუნვა, გულგრილი დარჩეს ამ თავდასხმების მიმართ. აუცილებელია, რომ ორგანიზაცია შეიკრიბოს, რაც შეიძლება მალე”,- განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი მიმართავს ჰააგის სასამართლოს, თურქეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე აიზენურ ეზგი ეიგის მკვლელობის გამო, რომელიც გასულ კვირას დასავლეთ სანაპიროზე, ებრაული დასახლებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოკლეს.

 

მსგავსი თემები