“მეტი სიდინჯით მიდგომა სჭირდება ამას და მეტი დაფიქრება”- მეუფე გრიგოლი “ქართული ოცნების” შემოთავაზებაზე

საპატრიარქოში დღეს მღვდელმთავრების შეხვედრა მიმდინარეობდა. სასულიერო პირების განცხადებით, განხილვის თემა ხელისუფლების შეთავაზება იყო – როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს საქართველოს კონსტიტუციაში. კონსულტაციებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქოს იურისტები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ ის შეხვედრიდან გამოვიდა და საკითხის განხილვაში შესვლას არ აპირებს. მეუფე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხს მეტი დაფიქრება სჭირდება.

“იმ დონის საკითხია, რომ ასე დაჩქარებულად განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს, ამიტომ, პირადად მე არ შევედი განხილვაში და არც ვაპირებ. მეტი სიდინჯით მიდგომა სჭირდება ამას და მეტი დაფიქრება. ამიტომ, მე არ მიმაჩნია, რომ დღეს სახელდახელოდ, სასწრაფოდ საჭირო იყოს ამის განხილვა. ეკლესიის სტატუსს რაც შეეხება, როდესაც საკონსტიტუციო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მზადდებოდა, მაქსიმალურად შესწავლილი იყო ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება და იქნა კიდეც მიღებული. მისი უწმინდესობა მაშინ არ იყო მომხრე ამ სტატუსის. დღეს კი, რაც მე ვიცი, საუბარი არ არის სახელმწიფოებრივ რელიგიის სტატუსზე, შემოთავაზება არის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი კიდევ უფრო განმტკიცდეს,”- აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.

მსგავსი თემები