დონალდ ტრამპის განცხადებით, მასზე თავდასხმაში გარკვეულწილად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი არიან დამნაშავეები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მასზე თავდასხმაში დამნაშავე გარკვეულწილად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისია. ტრამპი მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკის მიმართ ბაიდენის მწვავე რიტორიკის გამო ესროლეს.

მან თეთრი სახლი, ასევე იმაში დაადანაშაულა, რომ თავდასხმის დღეს მის დაცვას საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების არასაკმარისი რაოდენობა უზრუნველყოფდა.

„როგორ შეიძლება თქვა, რომ ეს იღბალია, როდესაც გადარჩენის შანსი 20 მილიონიდან 1 იყო. ერთადერთი პოზიცია იყო, რომელშიც შეიძლებოდა ტყვია ამცდენოდა და მე ამ პოზიციაში ვიდექი. ამაში ღმერთის ხელი ურევია, რადგანაც ღმერთს უყვარს ამერიკა და სურს, რომ ჩვენ ქვეყანა დავიბრუნოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპს მეთიუ კრუქსმა 13 ივლისს პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრის მსვლელობისას ესროლა. გამოძიებამ თავდამსხმელის მოტივი, ამ დრომდე, ვერ დაადგინა.

მსგავსი თემები