კენიაში, ტყეში ნაპოვნი 429 ცხედრის ისტორიას იკვლევენ

კენიელი კულტის ლიდერი, რომელიც, სამოთხეში მოსახვედრად, მომხრეებს შიმშილით სიკვდილისკენ მოუწოდებდა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. თვითგამოცხადებული პასტორი, პოლ მაკენზი, კიდევ 94 ეჭვმიტანილთან ერთად, სასამართლოს წინაშე დღეს წარდგა.

მაკენზი 2023 წლის აპრილში დააკავეს მას შემდეგ, რაც ტყეში დამარხული 429 ცხედარი აღმოაჩინეს, რომელთაც შიმშილისა და ძალადობის კვალი ეტყობოდათ. გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც იყვნენ.

ბრალდების მხარის თქმით, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში, სასამართლოს ჩვენებას 400-ზე მეტი ადამიანი მისცემს. კენიაში მსგავსი შემთხვევის პრეცედენტი არ არსებობს და მასობრივ თვითმკვლელობაში დამნაშავეებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

არსებული ინფორმაციით, პოლ მაკენზითავის მიმდევრებს არწმუნებდა, რომ სამოთხეში უფრო სწრაფად მოხვდებოდნენ, თუ შიმშილით თავს მოიკლავდნენ.

გადარჩენილები ჰყვებიან, რომ, მაკენზის მოძღვრების მიხედვით, შიმშილით, პირველ რიგში, ბავშვები უნდა დახოცილიყვნენ, შემდეგ დაუქორწინებლები, შემდეგ ქალები, შემდეგ კაცები, ბოლოს კი – ეკლესიის წინამძღოლები.

მაკენზი ფორმალური განათლების წინააღმდეგიც არის და ბავშვებს მოუწოდებდა, არ ევლოთ სკოლაში – ამისთვის ის დააპატიმრეს კიდეც 2017-2018 წლებში. ამასთან, მაკენზი მოუწოდებდა ქალებს, არ გამოეყენებინათ სამედიცინო დახმარება მშობიარობის დროს, ასევე, არ აეცრათ საკუთარი შვილები.

მსგავსი თემები