დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეებმა გზა დღესაც გადაკეტეს

დეზერტირების ბაზრობაზე დასაქმებულმა მოვაჭრეებმა წინამძღვრიშვილის ქუჩა დღესაც გადაკეტეს. მოვაჭრეები გააფრთხილეს, რომ 15 აგვისტომდე ტერიტორია უნდა დაცალონ, რადგან ადგილზე სარემონტო სამუშაოები იწყება. მოვაჭრეები ითხოვენ ბაზრის მფლობელთან შეხვედრას და განმარტებას, 6 თვის შემდეგ, როცა სარემონტო სამუშაოები დასრულდება, შეძლებენ თუ არ მუშაობის გაგრძელებას.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ დეზერტირების ბაზარში 2 000-ზე მეტი ადამიანი ვაჭრობს და მათი ბედი ახლა გაურკვეველია. ალტერნატივის სახით შეთავაზებული ადგილები მოვაჭრეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მათ გუშინ მიიღეს დაპირება, რომ დილით დაზუსტებული პასუხი ეცოდინებოდათ, თუმცა რადგან კომპანიის წარმომადგენელი მათთან არ მივიდა, მოვაჭრეებმა გზა ისევ გადაკეტეს.

,,დევნილი ვარ, არა სახლი, არა კარი, ქირაში, რითი, ხალხო ამიხსენით, აქედან რომ გაგვყრიან რა ვუყოთ ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს, 2 000-ზე მეტი ადამიანი ვმუშაობთ აქ, მტერ-მოყვარესაც ვარჩენთ, ვუწყობთ ხელს ერთმანეთს, ბანკის ვალი, ქირის ვალი, კომუნალურები, რითი ვიარსებოთ?!”, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მოიჯარე კომპანიის წარმომადგენელმა მოვაჭრეებს უთხრა, რომ მათი საკითხი დადებითად გადაწყდა და ვაჭრობის გაგრძელებას მოქალაქეები 15 აგვისტოს შემდეგაც შეძლებდნენ. მოვაჭრეები ბაზრის მფლობელი კომპანიისგან ელოდებიან პასუხს.

მსგავსი თემები