სასამართლოში დავა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა მოიგო

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით,  დაკმაყოფილდა სსიპ “საქართველოს ეროვნული მუზეუმის” ყოფილი თანამშრომლის სარჩელი. ორგანიზაცია წერს, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე – სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით.

,,საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას”, – წერია განცხადებაში.

გადაწყვეტილების თანახმად, ,,საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა”, განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე განხორციელდა რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიასთან გასაუბრება, თუმცა კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია. საბოლოოდ კი, განთავისუფლების მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა.

,,თბილისის საქალაქო სასამართლომ სსიპ “საქართველოს ეროვნული მუზეუმის” მიერ მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება (გათავისუფლების ბრძანება) ცნო ბათილად, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება”, – წერს საია.

მსგავსი თემები