რობერტ ფიცომ ჟურნალისტებს „სისხლისმსმელი ნაბიჭვრები“ უწოდა და ახალი შეზღუდვებით დაემუქრა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ მსხვილი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს „სისხლისმსმელი ნაბიჭვრები“ უწოდა და მათ დაემუქრა ახალი შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ეროვნული მედიიის მაკონტროლებელი ორგანოს შექმნით, რასაც კრიტიკოსები მთავრობის მხრიდან ცენზურის მცდელობად აფასებენ.

ფიცომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა მმართველ კოალიციაში არსებული დაძაბულობის შესახებ ჰკითხა.

„საპარლამენტო არჩევნების შედეგების პირველივე დღიდან თქვენ ერთი წუთითაც არ მოგვასვენეთ. თქვენ სისხლისმსმელი ნაბიჭვრებივით დაგვესხით თავს“, – განაცხადა ფიცომ.

როგორც მედია წერს, რობერტ ფიცომ ცალკე გამოყო მსხვილი დამოუკიდებელი სლოვაკური მედიასაშუალებები Denník N, Denník Sme და Aktuality.sk, რომლებიც მის მთავრობას აკრიტიკებდნენ და რომლებთანაც მას ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვეტილი აქვს.

„თქვენ თავად კითხულობთ თქვენს სტატიებს? არ მგონია. ეს წმინდა სიძულვილია. თქვენ ეშმაკით ხართ შეპყრობილი“, – განუცხადა ფიცომ ჟურნალისტს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ეროვნული მედია ორგანოს შექმნის იდეას და სანქციების დაწესებას იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მცდარი ინფორმაციის შემცველი სტატიების შესწორებაზე უარს ამბობენ. მისივე თქით, ყველა ჟურნალისტმა უნდა გაიაროს გადამზადების კურსები.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადებები ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ცენზურისა და მედიის შეზღუდვის მცდელობად შეაფასეს.

„ეროვნული მედიის მაკონტროლებელი ორგანოს იდეა, რომელიც ჟურნალისტებს გააკონტროლებდა, არაფერია, გარდა ცენზურისა და მედიის შეზღუდვის მცდელობისა, რაც შესაძლოა, მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში არსებობს“, – განაცხადა დეპუტატმა, ზორა იაუროვამ.

ოპოზიციონერები სლოვაკეთის საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაში მთავრობას ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები