კობა კობალაძე ქუთაისში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს, მორიგი შეხვედრა, ქუთაისში გაიმართა; კობა კობალაძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა,მათ სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა და ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე ესაუბრა, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად,სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით და, ასევე, ბიზნესსექტორის ჩართულობით ხორციელდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე,მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შეღავათის გავრცელებაზე საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაზე,საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდაზე.

შეხვედრას, ასევე,ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში,საქართველოს გენერალთა კლუბის ხელმძღვანელი,მალხაზ ჩიხლაძე.

კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს.

მსგავსი თემები