ირანის ,,ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” წევრებს საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება აუკრძალეს

ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერების აფეთქების შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობამ თავის წევრებს საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება აუკრძალა.

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კორპუსი ყველა ელექტრონული მოწყობილობის მასშტაბურ შემოწმებას ატარებს. მათი უმეტესობა ირანშია წარმოებული ან ჩინეთიდან და რუსეთიდან ჩატანილი.

წყარო არ აკონკრეტებს როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს გუშაგთა კორპუსის წევრები. მან მხოლოდ ის განმარტა, რომ ახლა ისინი მესენჯერებში შიფრებს იყენებენ. მისივე თმით, ირანის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ლიბანში აფეთქებების გამო შეშფოთებულები არიან.

ირანის ხელისუფლება, ასევე არ გამორიცხავს თავის ტერიტორიაზე ისრაელის აგენტების ფუნქციონირებას და უკვე დაწყებულია გამოძიება გუშაგთა კორპუსის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, სექტემბერში ლიბანში პეიჯერები და რაციები აფეთქდა, რომლებსაც „ჰეზბოლას“ წევრები იყენებდნენ. შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 3 ათასზე მეტი კი დაშავდა. ლიბანი და „ჰეზბოლა“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.

მსგავსი თემები