“სწორი დიაგნოზის დასმა, მკურნალობის დასაგეგმად, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ”- სარჯველაძე

„სწორი დიაგნოზის დასმა, მკურნალობის დასაგეგმად, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ეფექტიანობას აზრი ეკარგება. შეცდომების თავიდან აცილება სწორედ ამ მომენტში უნდა მოხდეს – იქნება ეს ტექნოლოგიების გამოყენებით, მაღალი კვალიფიკაციით, თუ კონკრეტული პროცედურების ზუსტად გაწერით. მთავარია, რომ დიაგნოსტირების პროცესში, არ დავუშვათ ისეთი შეცდომებით, რომელთა არიდებაც შეიძლებოდა. ჩვენთვის, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 17 სექტემბერს, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გლობალური პრობლემაა და ბუნებრივია, მის არსებობას საქართველოც აცნობიერებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად, ქვეყანამ, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„პაციენტების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, სექტორის წარმომადგენლებს, ამ მიმართულებით, მოსაზრებების წარმოდგენა ვთხოვეთ. მათ საკმაოდ მრავლად, საკუთარი პერსპექტივიდან გაგვიზიარეს შეხედულებები, რომლებზე მუშაობამაც, შესაძლოა, პაციენტის უსაფრთხოებისთვის, კონკრეტული შედეგი მოიტანოს. ამ საკითხების სპექტრი ძალიან დიდია – დაწყებული სამაჯურებით, რომელიც შესაძლოა, გაუკეთდეს პაციენტს, რომ მის შესახებ სამედიცინო პერსონალს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს და დამთავრებული საგანმანათლებლო სისტემებში, ისეთი კურიკულუმების შეტანით, რომელიც უკეთ მოამზადებს მომავალ ექიმებს“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მსგავსი თემები