აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. მისი ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ოფიციალური დოკუმენტი ჩაბარდება, მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა 3 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. დაკავების ფაქტს მისი ცოლი და არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ.

,,უფლებები საქართველოს” განცხადებით, სადიგოვმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ძებნილია და მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

გამოძიების ინფორმაციით, აფგან სადიგოვის დაკავება განხორციელდა აზერბაიჯანის მხარის მოთხოვნით. მას ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. რაც გულისხმობს – „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის არაერთგზის გავრცელების მუქარა“.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დაკავებამდე, 18 ივლისს, საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს. ის ცოლ-შვილთან ერთად თურქეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ თურქეთში გამგზავრება მხოლოდ ოჯახის წევრებს შეეძლოთ, ხოლო თავად სადიგოვს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა ქვეყნის დატოვების უფლება, თუ აზერბაიჯანში დაბრუნდებოდა.

მათ ამის მიზეზი არ განუმარტავთ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც “უფლებები საქართველო” აღნიშნავს, ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანში სადიგოვის წინააღმდეგ აღძრული საქმისა და ძებნაში ყოფნის შესახებ.

აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის 9 მაისს აღიძრა. 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ დახმარების თხოვნით საქართველოს გენპროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მისი წამოსვლიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რის შესახებაც სადიგოვს ინფორმაცია არ ჰქონდა.

მსგავსი თემები