,,ომი უკრაინაში 2025 წელსაც არ დასრულდება” – ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში 2025 წელსაც არ დასრულდება. კითხვაზე, თუ რა ვადებშია შესაძლებელი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულება, ბრეკელმანსმა თქვა, რომ არ ფიქრობს, რომ ომი წელს, ან მომავალ წელს დასრულდება. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ვითარება ბრძოლის ველზე „ძალიან რთულია“.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ აგრეთვე არ უნდა შევქმნათ ძალიან დიდი მოლოდინები, იმიტომ რომ, ადამიანები ფიქრობენ, რომ თავიდან რუსული შეჭრა იყო სპრინტი, რომელიც მარათონად იქცა, ხოლო სინამდვილეში ის 42-კილომეტრიანი სპრინტია“, – თქვა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, დასავლური ქვეყნები უკრაინას მომავალშიც უნდა დაეხმარონ, თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ყველაფერი დროში გაიწელება, და ევროპელები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

ბრეკელმანსი ფიქრობს, რომ რუსეთი არის „უსათუოდ ძლიერი“, რომელსაც მაღალი ინტენსივობის ომის წარმოება ძალიან დიდი ხანი შეუძლია.

მსგავსი თემები