,,ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა ომი და ნგრევა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს” კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დემოკრატიას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის, რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

ამის შესახებ მან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„კანონი ითხოვს ერთ რამეს – ფული საიდანაც შემოდის, იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის, დაარეგისტრირონ ეს ყველაფერი, თუ საიდან მიიღეს აღნიშნული თანხა და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. მესმის, რომ მავანს ამის გასაჯაროების სურვილი არ აქვს იმიტომ, რომ ყველაფერი ცხადი გახდება – ვინ ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, ეკლესიას, სარწმუნოებას. ეს ყველაფერი გამოაშკარავდება.

ამიტომ ურჩევნიათ, ასე მალულად, შავად ახორციელონ დაფინანსებები რევოლუციის, ექსტრემისტული ორგანიზაციების, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირებისთვის. როგორ შეიძლება აღნიშნული კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას, ეწინააღმდეგებოდეს დემოკრატიას ან ხელი შეუშალოს არჩევნების ჩატარებას? წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველაფერს კარგად ხვდება, თუ რა პროცესები მიდის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდი არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება მოხდეს.

„ჩემთვის მავანია ყველა ის ადამიანი, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ვინც ხელს უწყობს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩას. პირდაპირ გეტყვით: ჩვენ არ დავუშვებთ, ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, საქართველოში განვითარდეს ის პროცესები, რაც, სამწუხაროდ და საუბედუროდ, უკრაინაში ხდება. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. დავიცავთ მშვიდობას, სიმშვიდეს და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები