„მილანი“ ვარსკვლავებით ჩამოდის“- ლეგენდების თამაში 21 სექტემბერს თბილისში

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდების მატჩი 21 სექტემბერს თბილისში გაიმართება. ამის შესახებ, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ისაუბრა.

„რაც შეეხება „მილანთან“ თამაშს – ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული წელიწადი გვაქვს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშეთ და გვინდოდა, ქართველი გულშემატკივრისთვის კიდევ ერთი საჩუქარი გაგვეკეთებინა. „მილანის“ გარდა, სხვა კლუბს არც განვიხილავდით, ვისთანაც ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია – კახა კალაძემ „მილანის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. „ვარსკვლავების მიწვევა გვსურდა და 21 სექტებერს „მილანის“ და ქართველი ლეგენდების მატჩი გაიმართება. ჩვენი გუნდის მწვრთნელი ნაკრების ყოფილი წევრი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. სათამაშოდ კი ყველა იმ ფეხბურთელს მოვიწვევთ, რომლებიც ქართველ გულშემატკივარს წლების განმავლობაში ახარებდა“- ამბობს მუჯირი.

მუჯირის თქმით, შეხვედრას ყველა სათანადო ფორმაში უნდა შეხვდეს, რადგან მოწინააღმდეგე ძლიერია.

„შეხვედრას ყველა სათანადო ფორმაში უნდა შეხვდეს, რადგან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. „მილანი“ კი ძალიან ვარსკვლავური შემადგენლობით ჩამოდის. ამჟამად შეგიძლიათ დაგიდასტუროთ, რომ ჩამოდიან კაკა, კაფუ, კოსტაკურტა, რივალდო, ზეედორფი. ფედერაცია შეეცდება, კიდევ ისეთივე მასპინძლები ვიყოთ, როგორც ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე და ყველა სხვა ღონისძიებაზე. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია თბილისის მერიასთან ერთად ჩვენს ქართველ გულშემატკივარს დაუვიწყარი დღე ვაჩუქოთ. შეგახსენებთ, რომ მანამდე, 7 სექტემბერს ჩვენი ეროვნული ნაკრები დაუბრუნდება ქართველ გულშემატკივარს და ერთა ლიგაზე გამოსვლას თბილისში ჩეხებთან მატჩით დაიწყებს“ – აღნიშნა დავით მუჯირმა.

 

მსგავსი თემები