ტაქსის ლიცენზია მთელ საქართველოში სავალდებულო იქნება. დოკუმენტი პარლამენტში 2023 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრიდა და მისი განხილვები კომიტეტებში უკვე დაიწყო.
კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიის აღება სავალდებულო გახდება 63-ვე მუნიციპალიტეტში:
საშუალოდ, ამ უფლების მიღების ფასი 50-75 ლარი იქნება;
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ლიცენზიის გარეშე გადაიყვანს ადამიანს, მას 200 ლარით დააჯარიმებენ;
სანებართვო ვალდებულებების დარღვევისთვის სანქცია 100 ლარი იქნება.
მთავრობის გათვლით, პირელივე წელს, როცა სავალდებულო გახდება ლიცენზიის აღება, საბიუჯეტო შემოსავლები 488 ათასი ლარით გაიზრდება, 3 წელში კი ჯამში – თითქმის 2 მილიონ ლარამდე.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან 34-ში არ იქნება საჭირო დამატებითი კადრების აყვანა, დანარჩენ 29 მუნიციპალიტეტში კი თანამშრომელთა რაოდენობა 48-ით უნდა გაიზარდოს.
საკანონმდებლო პაკეტი 6 კანონპროექტს მოიცავს, მათ შორის არის: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საბიუჯეტო კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. დოკუმენტი მიღების შემთხვევაში 2025 წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. მანამდე მუნიციპალიტეტებმა ლიცენზიის გაცემის წესი უნდა შეიმუშაონ.