“სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი”- ეუთო/ოდირი

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი(ეუთო/ოდირი) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. შუალედურ ანგარიშში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემაზე. ამასთან ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიასა და პოლიტიკოსების გზავნილებს, ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომლებიც ამ ეტაპამდე მოექცა დაკვირვების არეალში, ძირითადად უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული, „სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს უწოდებს“.

ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში ანტიკორუფციული ბიუროს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიც აისახა.

„ყველა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინა თავისი პირველი შუალედური ანგარიში. რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა მიუხედავად იმისა, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად ბიუროს არ ევალება ამ ანგარიშების დეტალური შემოწმებისა და დასკვნების კენჭისყრის დღემდე გამოქვეყნება“, – ნათქვამია ანგარიშში.

შუალედურ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა მედიაგარემოზეც და აღინიშნა, რომ მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და ირეკლავს პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს. ასევე ნათქვამია, რომ მედიის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამოქალაქო ცილისწამების შესახებ არაერთი საქმის განხილვა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მიმართული მუქარები კვლავაც აქტუალურია.

OSCE/ODIHR – ის ინფორმაციით, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია (ODIHR EOM) საქართველოს მთავრობის მოწვევითა და თავისი მანდატის შესაბამისად მუშაობას 11 სექტემბერს შეუდგა. მისიას ხელმძღვანელობს მისიის ელჩი, ოუენ მერფი. მისიის ძირითადი გუნდი შედგება თბილისში მომუშავე 12 წევრისგან და 30 ხანგრძლივვადიანი დამკვირვებლისგან, რომლებიც 19 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდნენ. მისიის წევრები ეუთოს 22 წევრი ქვეყნიდან შეირჩნენ; მათ შორის 48% ქალია. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) წევრ ქვეყნებს კენჭისყრის დღეს პროცედურებზე დასწრების მიზნით 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნა სთხოვა.

 

მსგავსი თემები