“გავა დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ეს რეზოლუციაც იმის მიხედვით დაიწერა”- კალაძე

„გავა დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ეს კონკრეტული რეზოლუცია იმის მიხედვით დაიწერა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული იმ რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი.

კალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რისთვისაც სასჯელს იხდის.

„გულწრფელად ვამბობ, რომ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, რადგან ვიცით, თუ როგორ იწერება ისინი. გავა გარკვეული დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ეს კონკრეტული რეზოლუცია იმის მიხედვით დაიწერა. რა არის აღნიშნული რეზოლუციის შინაარსი? – გვეუბნებიან, გამოუშვით სააკაშვილიო. წარმოგიდგენიათ?! იღებენ რეზოლუციას, რომლითაც გვეუბნებიან, რომ ადამიანი, რომელსაც კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი და ამისთვის სასჯელს იხდის, უნდა გათავისუფლდეს. ასე ფუთავენ, რომ თურმე ეს არის დემოკრატია. ასევე, საუბარი იყო ლგბტ პროპაგანდაზე. ამ დროს კი მარტივი მოცემულობაა – ჩვენ ვეწინააღმდეგებით პროპაგანდას. ადამიანის უფლებებს უდიდეს პატივს ვცემთ და საზოგადოებას უმრავლესობად და უმცირესობად არ ვყოფთ. პირობითად თქვენ, ვისთან რას აკეთებთ და როგორ, ეს არც ჩემი და არც საზოგადოების საქმეა. ეს თქვენი პირადია და შეგიძლიათ, შეინახოთ თქვენთვის. ამ ყველაფრის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია“- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები