კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს

კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებას ეხება. ოჯახი ბექა ჯაიანის უმკაცრეს დასჯას ითხოვს და მისი შეურაცხადობის და აფექტის არ სჯერა. ოჯახის პოზიცია მათმა ადვოკატმა გააჟღერა.

მისი თქმით, ტრანსგენდერის ოჯახი სასჯელის ზომად და სახედ თავისუფლების უვადო აღკვეთას ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანი ციხის ნაცვლად, ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუშვეს, ტრანსგენდერი ქალის ახლობლები ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ.

,,არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ საბედისწერო შემთხვევამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი მათ შორის, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება ბრალდებულის მხრიდან. ფაქტია ერთი, რომ ადამიანმა განიზრახა დანაშაულის ჩადენა, მკვლელობა, შეიძინა დანაშაულის იარაღი, ავიდა, სისრულეში მოიყვანა მისი განზრახვა, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, გაიქცა და გაანადგურა მტკიცებულება ტანსაცმელი და სცადა დაეტოვებინა ქვეყნის საზღვარი”, – ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები