VIDEO: „ფული გადაიხადეთ და წახვალთ“ – როგორ სძალავდნენ ღამის კლუბების სტუმრებს დიდი ოდენობით თანხას

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა გახსნეს, დაკავებულია 15 ადამიანი.

,,ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს შემუშავებული ჰქონდათ თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს სძალავდნენ.

იმ შემთხვევაში თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლას და მუქარას ახორციელებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას. ხოლო, თუ დაზარალებულები მაინც უარს აცხადებდნენ თაღლითურად დაკისრებული თანხის გადახდაზე მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონებია ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები