ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სტიქიას ებრძვიან-არის მსხვერპლი

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კოკისპირულმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და ათასობით სახლი დააზიანა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიხრჩო. ქვეყნის  სამხრეთ-დასავლეთ ოპოლეს რეგიონში, გლუხოლაზის მერმა განაცხადა, რომ მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და ქალაქი დაიტბორა. მან მოსახლეობას შემაღლებულ ადგილებში თავის შეფარებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, ქალაქ კრაკოვში მოსახლეობას, წყალდიდობისგან დაცვის მიზნით, ქვიშის ტომრები შესთავაზეს. სტიქიის გამო, ქალაქ კლოძკოში 1 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ჩეხეთში, წყალდიდობის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა და ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში 51 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გარდა ამისა, ქვეყნის ორ უმაღლეს ლიგაში შაბათ-კვირას დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები ჩაიშალა. მსხვერპლი მოჰყვა შტორმ „ბორისს“ რუმინეთშიც, სადაც წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

 

მსგავსი თემები