“აშშ-ს ფინანსური დახმარება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს გაურკვეველი ვადით შეუჩერდა”- გოდოლაძე

“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო სსიპ-ია, შესაბამისად, ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დააწესა, შეეხო მიზნობრივ პროგრამასაც, რომლის ბენეფიციარებიც ჩვენ ვიყავით “ – ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც გოდოლაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფინანსური დახმარება გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული.

„ამჟამად ვმუშაობდით სეისმური საფრთხის რუკების განახლებულ ვერსიაზე, რომელსაც რა თქმა უნდა აშშ აფინანსებდა. აშშ აფინანსებდა ასევე მონიტორინგის სისტემების მოვლისა და შენახვისათვის საჭირო სამუშაოების უდიდეს ნაწილს. აპარატურის შეძენა და ინსტალაცია არაა საკმარისი, მას მოვლაც სჭირდება; ფინანსურად ეხმარებოდა ჩვენს ახალგაზრდა გუნდს, ვინაიდან სუბსიდირებული სამეცნიერო დაწესებულება ვართ და ძალიან მწირი დაფინანსება გვაქვს სახელმწიფოსაგან. ჩვენ სამეცნიერო გუნდში 80 თანამშრომელია. ამჟამად, 49 სეისმური სადგური გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით და 160-მდე გეოდეზიური როგორც მუდმივი, ასევე დროებითი სადგურები. ჩვენი სამეცნიერო მიმართულება გამართული, მოსავლელად უსაშველოდ რთული ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ იარსებებს.

ხელფასების, სახელმწიფო დაცვის, ინტერნეტ მომსახურების და საველე ავტომანქანების შეკეთების ყოველწლიური ხარჯების შემდეგ, ჩვენს წლიურ ბიუჯეტში თავისუფალი 24 000 ლარი რჩება. დიახ, გვეხმარებოდა აშშ. დღეს საკმაოდ მძიმე რეალობაა. ჩვენი კომერციული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიმდინარე საჭიროებებს, მაგრამ საკმარისი არ არის. 2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი კი არ გაგვეზარდა, ყოველწლიურად მცირდება. სეისმური სადგურის ერთი კომპლექტი 50 000$ USD-ია თანმდევი ხარჯით. ეს ხომ აპარატურაა, შესაძლებელია, გაფუჭდეს, ჩვენთან მოულოდნელი არაფერია, მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა. ჩვენს თანამშრომლებს მწირი ბიუჯეტის გამო, ჯანმრთელობის დაზღვევაც კი არა აქვთ“- წერს გოდოლაძე.

მსგავსი თემები