ნამიბიაში გვალვისგან დაზარალებული მოსახლეობის გამოსაკვებად სპილოებს, კამეჩებს, ბეჰემოთებსა და ანტილოპებს დახოცავენ

ნამიბიის მთავრობამ დაამტკიცა 723 ველური ცხოველის დახოცვის გეგმა, რომელთა ხორციც ქვეყანაში ძლიერი გვალვის შედეგად დაზარალებულებს გადაეცემა. CNN-ის ცნობით, გეგმა ითვალისწინებს: 30 ბეჰემოთის, 60 კამეჩის, 50 იმპალას, 100 გნუს, 300 ზებრის, 83 სპილოსა და 100 ანტილოპის მოკვლას.

ცხოველებს ეროვნულ პარკებში შეარჩევენ, სადაც მათი „მდგრადი რაოდენობაა“, მათი დახოცვით კი პროფესიონალი მონადირეები დაკავდებიან, რომლებთანაც კონტრაქტებს გარემოს დაცვის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები გააფორმებენ.

სპეციალისტებმა უკვე დახოცეს 157 ცხოველი, რის შედეგადაც 56,8 ტონაზე მეტი ხორცი მიიღეს.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი გეგმა ეროვნულ პარკებში ველური ცხოველების შენარჩუნებაზე გვალვის ნეგატიური გავლენის შემცირებას შეუწყობს ხელს. უწყებაში ასევე მიაჩნიათ, რომ ეს ზომები შეამცირებს ველური ცხოველების რაოდენობას ზოგიერთ პარკში, სადაც იმაზე ნაკლები საძოვარი და წყალია, ვიდრე მათ ბინადრებს სჭირდებათ.

გაეროს მონაცემებით, აფრიკის სამხრეთით ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა: ივლისში ნამიბიამ საკვების მარაგის 84% ამოწურა, უახლოეს დროში კი საკვების სიმცირეს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი იგრძნობს.

მსგავსი თემები