„პიკნიკის დროს დანთებული ცეცხლი“- რა ხდება თურქეთში, სადაც ხანძარს ებრძვიან

თურქეთის სატყეო სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძარი ქვეყნის ხუთ პროვინციაში მძვინვარებს. ამასთან, უწყების ცნობით, იზმირში სიტუაცია შემსუბუქდა და დასახლებულ რაიონებს საფრთხე აღარ ემუქრება.

მინისტრ იბრაჰიმ იუმაკლის განცხადებით, იზმირის პროვინციის კარშიაკის რაიონში ხანძარი სამი ადამიანის მიერ პიკნიკის დროს დანთებული ცეცხლის შედეგად გაჩნდა.

„ცეცხლის ინტენსიურობა შემცირდა და ამ მომენტისთვის დასახლებულ ზონებს საფრთხე აღარ ემუქრება“, – თქვა მინისტრმა.

იზმირში ცეცხლი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა, პარასკევს საცხოვრებელ სახლებსა და ბიზნესობიექტებს მოედო, რის გამოც ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. დამწვარია 16 საცხოვრებელი სახლი და ინდუსტრიულ ზონაში მდებარე 30 ობიექტი. ხანძრის შედეგად დაშავდა 78 ადამიანი. მეხანძრეები ტყის ხანძარს ებრძვიან ასევე თურქეთის დასავლეთით, აიდინისა და მანისას პროვინციებში, ასევე, ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბოლუსა და ქარაბუქის პროვინციებში. სატყეო სამინისტრო აცხადებს, რომ მომავალი ათი დღის განმავლობაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი ქვეყნის 12 პროვინციაში არსებობს.

 

მსგავსი თემები