ისრაელმა შეიარაღებული ძალების მაქსიმალური მზადყოფნა გამოაცხადა

ისრაელმა შეიარაღებული ძალების მაქსიმალური მზადყოფნა გამოაცხადა. მიზეზი ირანისა და ,,ჰეზბოლას” შესაძლო თავდასხმაა. ისრაელის არმიის წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ავიაციამ გააძლიერა პატრულირება ლიბანთან არსებულ საზღვარზე, თუმცა მოსახლეობისთვის ახალი მითითებები ჯერჯერობით არ გაუციათ.

იქამდე კი, ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურმა სამხედრო პერსონალისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის შეჩერების ბრძანება გასცა.

ლიბანური მედია იუწყება, რომ ჰეზბოლამ სამხრეთ ბეირუთში თავისი ოფისების ევაკუაცია დაიწყო. იხურება ორგანიზაციის პოლიტიკური შტაბიც. წყაროების ვარაუდით, ეს შესაძლოა ისრაელის საპასუხო თავდასხმის მოლოდინს უკავშირდება.

ცნობილია, რომ შეერთებულმა შტატებმა რეგიონში წყალქვეშა ნავი “ჯორჯია” გაგზავნა.

აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ესაუბრა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილა. თეთრი სახლის სპიკერმა AFP-ს განუცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის ისრაელზე თავდასხმების სერიის შესაძლებლობისთვის.

ერთობლივი განცხადება გაავრცელეს გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა და ირანს მოუწოდეს, თავი შეიკავოს ისრაელზე თავდასმისგან.

ირანი ისრაელს შურისძიებით ემუქრება მას შემდეგა, რაც თეირანში 31 ივლისს, ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე მოკლეს. თუმცა, ისრაელს არ დაუდასტურებია თავისი მონაწილეობა ჰანიეს ლიკვიდაციაში.

მსგავსი თემები