,,ეს მნიშვნელოვანი პასუხია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიაზე” – სენატორი კარდინი

,,ეს მნიშვნელოვანი პასუხია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიაზე”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95-მილიონიანი დახმარების შეჩერებას ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი.

,,ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის საგარეო დახმარების უმეტესი ნაწილის შეჩერების თაობაზე, მნიშვნელოვანი და აუცილებელი პასუხია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმდინარე ეროზიაზე.

საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედება – განსაკუთრებით რუსული სტილის აგენტების კანონის ამოქმედება – წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელ მედიაზე.

ასეთი ზომები ძირეულად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს.

საქართველოში კანონის მიღებამ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევამ მისი დემოკრატიული უკანდახევის საგანგაშო, მკვეთრი სურათი გვაჩვენა.

დახმარების შეჩერება, რომელსაც სარგებელი მოაქვს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობისთვის, მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე, იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და მხარი დაუჭიროს მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები