„პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან „ქილერები“ – ირაკლი კობახიძე

„[ტერორისტული აქტების მომზადება საქართველოში] გასაკვირი არც ის არის. გამოძიების თანახმად, ამ ყველაფერში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი იკვეთება, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ფიზიკურად უკრაინაში იმყოფებიან“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც სუს-ის ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

კობახიძის განცხადებით, საფრთხეები არსებობს და გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხეები საქართველოშიც აქტუალურია.

„რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია, რომელიც სუს-მა გაავრცელა, არის უაღრესად შემაშფოთებელი, საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. თქვენ იცით, რომ ადვოკატები დღეების განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას, რომ საქმე ტერორიზმის მუხლითაც იყო აღძრული. ეს ინფორმაცია შემაშფოთებელია იმ ფონზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ხდება – 2 ტერორისტული აქტი განხორციელდა, ერთი სლოვაკეთში, მეორე აშშ-ში.

ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, საფრთხეები არსებობს და გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხეები აქტუალურია.

თქვენ გახსოვთ, რომ შედგა სატელეფონო საუბარი ერთ-ერთ ევროკომისართან, მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით და ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც. უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ტყვიას ისროდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს „ქილერები“ ისვრიან. გაფრთხილებაც არსებობდა. ეს არის იყო ევროკომისრის გაფრთხილება, ეს იყო ერთგვარი „მესენჯერი“, რომ შესაბამისი ინფორმაცია ჩვენამდე მოეწოდებინა. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ომთან მიმართებით უკავია, ასეთ პირობებში საფრთხეები არსებობს“- განაცხადა კობახიძემ

მისი განცხადებით,  გასაკვირი არ არის, რომ ამ ყველაფერში  ყოფილი მაღალჩინოსნების როლი  იკვეთება

„გასაკვირი არც ის არის, რომ გამოძიების თანახმად ამ ყველაფერში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი იკვეთება, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ფიზიკურად უკრაინაში იმყოფებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქტების პრევენცია მოხდეს და ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბიძინა ივანიშვილი  არის ჩვენი მმართველი პარტიის ლიდერი, ის არის პოლიტიკური გაერთიანების საპატიო თავმჯდომარე, ამის მიღმაც თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, როგორია ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში და მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი.  ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგვაწოდეს ჩვენ კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, ეს იყო ზოგადი გაფრთხილება და არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

მსგავსი თემები