,,პატიმრების რაოდენობა ევროპულ სტანდარტს უნდა მიუახლოვდეს, ამიტომ ვსაუბრობთ მის შემცირებაზე” – მდინარაძე ამნისტიის კანონპროექტზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და უარყო ოპოზიციის მოსაზრება, რომ ამნისტიის კანონპროექტი ხალხის ხმების მოსაგროვებლად, წინასაარჩევნოდ დაგეგმილი კამპანიაა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა, უწყებებთან შეთანხმებით და ამ ეტაპზე დეტალების გაჟღერება არაკომპეტენტური იქნება.

,,თქვენ იტყუებით, როდესაც ადამიანებს ეუბნებით, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ დაგეგმილი კამპანია. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენვე ძალიან კარგად იცით, რომ უკვე დიდი ხანია ამაზე საუბარი მიდის. მე შემიძლია მტკიცებულებებიც კი წარმოგიდგინოთ რამდენი თვის წინ ვსაუბრობდით ამნისტიაზე. ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ მთავრობასთან კოორდინაციით. მუშაობს ჩემი პირველი მოადგილე არჩილ გოდუაძე და უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. ისინი მუშაობენ მთავრობასთან და უწყებებთან კომუნიკაციით და გავდივართ ყველა დეტალს. კანონპროექტი დაინიციირდება 10 ივლისს.

რაც შეეხება საარჩევნო ხმებს. ამაზე დიდი ხანია ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას, რომ პატიმრების რაოდენობა ევროპულ სტანდარტს უნდა მიუახლოვდეს, ამიტომ ვსაუბრობთ მის შემცირებაზე. როგორც ირაკლი კობახიძემ, მე და ჩვენმა კოლეგებმაც განვაცხადეთ, ჩვენ საბოლოო ჯამში მივდივართ იმ მიზნამდე, რომ ევროპული სტანდარტი რაოდენობის მიხედვითაც იყოს შესაბამისობაში. პატიმრების რაოდენობა უნდა შემცირდეს იმგვარად, რომ შეესაბამებოდეს სტანდარტს. საბოლოო მიზანი ისაა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შევამციროთ პატიმრების რაოდენობა. ამნისტიის გარეშე ეს არ გამოვა. პირობითად რომ ვთქვათ, 925 კაცი იქნება პირველი, ვისაც შეეხება ამნისტია თუ 1327 – ამას წინასწარ ვერავინ იტყვის. ჩვენ რაოდენობის მიხედვით არ ვსაზღვრავთ. გავდივართ მუხლების, მათი სიმძიმისა თუ სიმსუბუქის მიხედვით”, – თქვა მდინარაძემ.

მსგავსი თემები