მაკრონმა გაბრიელ ატალს სთხოვა ამ ეტაპზე პრემიერის თანამდებობაზე დარჩეს, რათა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ მიიღო პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალის თხოვნა გადადგომის შესახებ. მაკრონმა გაბრიელ ატალს სთხოვა ამ ეტაპზე თანამდებობაზე დარჩეს, რათა „უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა“.

სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა გაბრიელ ატალს ევროპული და საპარლამენტო არჩევნების კამპანიისთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.

საფრანგეთის პრემიერმა კვირას განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონს გადადგომის თხოვნით მიმართავს.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა.

წინასწარი მონაცემებით, „ახალი სახალხო ფრონტი“ (მემარცხენეების გაერთიანება) პარლამენტში 172-192 ადგილს მიიღებს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია – 150-170 ადგილს, ხოლო მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ – 132-152 ადგილს.

მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი, ჟან-ლუკ მელანშონი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ვალდებულია „ახალ სახალხო ფრონტს“ მთავრობის ფორმირება შესთავაზოს.

მსგავსი თემები