,,მშვიდობას ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან ვერ დაამყარებ” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობა ვერ დამყარდება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობა არ იძლევა მანდატს ბრიუსელის სახელით მოლაპარაკებების საწარმოებლად, ის არ აპირებს ჯდომას და ომის სასწაულებრივად დასრულების დალოდებას.

„შენ არ შეგიძლია ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობის დამყარება. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ როტაციის პრინციპით განხორციელებული ევროკავშირის თავმჯდომარეობა არ გვანიჭებს მანდატს ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებების საწარმოებლად, ჩვენ არ შეგვიძლია ვისხდეთ და ველოდოთ, რომ ომი სასწაულებრივად დასრულდება. ჩვენ ვიმოქმედებთ როგორც მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც მშვიდობისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამს. ამას ემსახურება ჩვენი სამშვიდობო მისია“, – დაწერა ორბანმა X-ზე.

როგორც ცნობილია, დღეს ორბანი მოსკოვში ჩასვლას და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა.

მსგავსი თემები