“საქართველო მზადაა,საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს,რათა შესრულდეს 2030 წლის მიზნები”- კობახიძე

„მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

„ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია, პანდემიის შედეგებიდან დაწყებული, კონფლიქტებითა და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებით დამთავრებული. გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებამ აჩვენა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მხოლოდ 17%-ია მიღწეული, რაც ჩვენგან მეტ აქტიურობას მოითხოვს. ამ კონტექსტში, მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად. საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს ამ მიზნების მისაღწევად, რათა შესრულდეს 2030 წლის მიზნები. მომავლის პაქტი გვაძლევს შანსს, სამიტის წარმატება მნიშვნელოვან ცვლილებებად ვაქციოთ, რაც მომავალ თაობებს უკეთეს მომავალს მოუტანს. ჩვენ მივესალმებით პაქტის დამტკიცებას და ველით მის სწრაფ განხორციელებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები