„კაპასი ქალივით გამოდის, გერმანიის საგარეო საქმეთა… ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ”- მეუფე

„არცერთი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონტრიბუციით ხან ავღანეთში დავყავდით – ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს, თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ იმეგობრონ, არ უნდათ და ოთხივე მხარეს გზა ხსნილია, ჩვენ მთავარია თავისუფლება ავირჩიოთ და სადაც თავისუფლების დიდი ხარისხია, იმათთან კარგად უნდა ვიყოთ, ცუდად ყოფნის უფლება არ გვაქვს ვინმესთან, მცირერიცხოვანი ერი ვართ და გადაგვივლიან“- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჭოტორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მან ქადაგებისას ოპოზიციასაც მიმართა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მთავრობისადმი მათი დამოკიდებულებისა, მნიშვნელოვანია მათ საკუთარი ქვეყანა დაიცვან, როცა საქართველოს „ტყუილად უტევენ“.

„ვაზროვნებთ, ტყუილსაც ვხვდებით და ყველაფერს, ვფიქრობ რომ ამერიკელები ყველაზე ადვილად მოსალაპარაკებელი ხალხია და ეს პრობლემები მოკლე პერიოდში ყველა მხრისთვის დადებითად გადაწყდება, მაგრამ ოპოზიციას მინდა მივმართო, როცა უცხოელია და შენ ქვეყანას თუნდაც უტევდეს, ის უცხოელია და თავისი ინტერესი აქვს და ვერ ეტყვი რატომ მიტევ? ერთია, კაპასი ქალივით გამოდის, გერმანიის საგარეო საქმეთა… გამოდის და გვიტევს ქართველებს. კაცი რომ ხარ ხომ არ უნდა იწყევლებოდე?! შენ რომ ქართველი ხარ და ტყუილს რომ ლაპარაკობს შენს ერზე, როგორ არ გამოდიხარ? – შენ გგონია, ის დაგსვამს სკამზე? მოვა არჩევნები და არ აგირჩევთ ხალხი და ეგ იქნება, შენ უნდა დაიცვა ქვეყანა, მთავრობასთან ხარ ცუდად თუ ოპოზიციასთან, როდესაც გიტევენ, ქართველმა საქართველო უნდა დაიცვა, თანაც ტყუილად გვიტევენ. რომელი ავტორიტეტები ეგენი არიან ჭკუა დაგვარიგონ, ბალტიისპირელებმა თუ ვინ, თავიანთ საქმეს მიხედონ. დაგვიდგა ის დრო, რომ დღევანდელ მსოფლიოში ქართველებს ჩვენი ადგილი გვქონდეს. იმპერიობას კი არ ვაპირებთ, მაგრამ დაგვაფასეთ რა! ამიტომ ღმერთმა დიდი ძალა, რომ მოგცა ნუ დამიწყებ დაჩაგვრას, იცოდეთ, რომ ქართული ეკლესია იქ იქნება სადაც ქართველი ხალხი იდგება, არცერთ ლიდერს არ გაჰყვება, თქვენთან ერთად იდგება, სისხლის ბოლო წვეთამდე და სული რომ აღმოგვხდება, მაინც თქვენთან ვიქნებით, არაფრის არ შეგეშინდეთ, ეს დროც გასავლელი გვაქვს“- ამბობს მეუფე.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა: „ყველას მივხედავთ, ჭკვიანად უნდა იყვნენ!“

„არავის არ ვემუქრებით, მაგრამ ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, ჭკვიანად უნდა იყვნენ! დღევანდელ დღემდე ისე მოვედით, სულ ჩვენი დაჩაგრა უნდოდათ, მაგრამ მაინც გადავრჩით, ვენახებს გვიწვავდნენ და გვიჩეხავდნენ, მაინც ვაშენებდით, ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს, თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ იმეგობრონ, არ უნდათ და ოთხივე მხარეს გზა ხსნილია, ჩვენ მთავარია თავისუფლება ავირჩიოთ და სადაც თავისუფლების დიდი ხარისხია, იმათთან კარგად უნდა ვიყოთ, ცუდად ყოფნის უფლება არ გვაქვს ვინმესთან, მცირერიცხოვანი ერი ვართ და გადაგვივლიან. არავის არაფერს არ ვუშავებთ და რა დღეში ვართ, გადახედეთ თქვენს ნერვებს“- ქადაგებს მეუფე.

“ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერთან ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს, რუსი იქნება თუ სხვა”- მეუფე იაკობი

მსგავსი თემები