როდის უნდა გავიკეთოთ გრიპის ვაქცინები? – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ის სტატისტიკა, რასაც გვაწვდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელია და გრიპის შემთხვევების პიკი აღინიშნება დეკემბერ-იანვარის პერიოდში”, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, ახლა იდეალური პერიოდია ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებისთვის.

,,გრიპის შემთხვევების პიკი აღინიშნება დეკემბერ-იანვარის პერიოდში. ვაქცინააციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს პიკისთვის მომზადება ჩვენი მოსახლეობის, პირველ რიგში, რისკ ჯგუფების. იდეალური პერიოდი ვაქცინაციის ჩატარების არის ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბრის დასაწყისი. 2023 წელს ნოემბრის პირველი კვირა იყო, როდესაც დაფიქსირდა გრიპის პირველი შემთხვევა. სავარაუდოდ, წლევანდელი წელიც არ იქნება გამონაკლისი და მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბერში გამოჩნდება გრიპის ვირუსი.

გრიპის ვაქცინა გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს მოქმედებას, ამიტომ, აქედან გამომდინარეა სწორედ აღებული პერიოდი, ოქტომბრის მეორე ნახევარი ნოემბრის დასაწყისი, იდეალური დრო იმისათვის, რომ ვაქცინის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი იყოს მზად მაქსიმალური დაცვისათვის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისი თქმით, ყოველწლიურად ვაქცინების შემადგენლობა იცვლება. გრიპის ვაქცინას არ აქვს ხანგრძლივი ეფექტურობის პერიოდი და 6 თვიდან, მაქსიმუმ 10 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.

,,ეს ცვლილება დამოკიდებულია იმაზე, რა მოლოდინი აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მიმდინარე წელს მოცირკულირე ვირუსებთან დაკავშირებით. ამ მოლოდინის და პროგნოზის საფუძველზე კეთდება ვაქცინა. გადაწყვეტილება თებერვალში უკვე იყო მიღებული ჯანმოს მიერ, თუ რა ტიპის ვაქციან იქნებოდა საჭირო 2024-2025 წლის სეზონისთვის.

აქედან გამომდინარე, ვაქცინები უკვე მზად არის და საქართველოში, როგორც წესი შემოდის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კი შეგვეძლება ვაქცინაციის დაწყება”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

როგორც მან აღნიშნა, შარშან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან განსხვავებით გვქონდა ქვეყანაში ვაქცინა შემოტანილი.

,,ჯანმოს რეკომენდაცია იყო სამ კომპონენტიანი ვაქცინა, ჩვენ შემოვიტანეთ საუკეთესო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა. განსხვავება ამ კომპონენტებს შორის გახლავთ ის, რომ ოთხომპონენტიანი გადაფარავს ა გვრიპის ორ და ბე გრიპის ორ ვარიანტს. სამკომპონენტიანი კი ა გრიპის ორ და ბე გრიპის ერთ ვირუსს. შესაბამისად ოთხკომპონენტიანი უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისივე თქმით, ეს არაა უნივერსალური საჭიროების ვაქცინა, რომ მოსახლეობის ყველა ფენისთვის აუცილებელი იყო. გამოყოფილია რისკჯგუფები: 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 5 წლამდე ბავშვები, ორსულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები. რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია უფასო იქნება.

გრიპის სეზონი და ვაქცინები – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები