საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან კონსულტაციები გადადო

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან კონსულტაციები გადადო. რუსულ სააგენტო „ტასს“ საერთაშორისო სავალუტო ფონდში რუსეთის დირექტორმა, ალექსეი მოჟინმა განუცხადა, კონსულტაციები გაურკვეველი ვადით ტექნიკური მიზეზებით გადაიდო.

„ფონდის მენეჯმენტმა აცნობა რუსულ მხარეს და დირექტორთა საბჭოს, რომ მისიის მუშაობა გაურკვეველი ვადით გადაიდება. გადადების მიზეზად ნახსენები იყო მისიის ტექნიკური მოუმზადებლობა კონსულტაციების ჩასატარებლად“, – განაცხადა მოჟინმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რუსეთთან კონსულტაციის განახლების გეგმას ევროკავშირის ცხრა ქვეყანა და უკრაინა აპროტესტებდნენ.

კონსულტაციებთან ერთად იგეგმებოდა ფონდის დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებთან შესახვედრად. ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი იქნებოდა პირველი მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ რუსეთში ოფიციალურ მისიას გაგზავნიდა.

მსგავსი თემები