პორტუგალიაში ხანძრის 50-ზე მეტ კერას ებრძვიან – დაღუპულია 7 ადამიანი

პორტუგალია ცხელი ამინდების შედეგად გამოწვეულ ხანძარს ებრძვის, რომელსაც, სულ მცირე, 7 ადამიანი, მათ შორის, 3 მეხანძრე ემსხვერპლა.

ამჟამინდელი მონაცემებით, განსაკუთრებით ცხელი ამინდი ქვეყნის 9 რაიონში მდებარე 50-ზე მეტ მუნიციპალიტეტს ხანძრის მაქსიმალური რისკის ქვეშ აყენებს, რაც ცეცხლის შეკავების მცდელობებს ართულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალია ამ ეტაპზე 50-ზე მეტ აქტიურ ხანძრის კერას ებრძვის, სამაშველო სამუშაოებში 5 300-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. პარალელურად კი, ქვეყანა ევროკავშირისგან დახმარებას ელოდება.

სტიქიამ ყველაზე მეტად პორტუგალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონები დააზარალა. ყველაზე მეტი მეხანძრე ავეიროს რაიონშია მობილიზებული.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახურულია საავტომობილო გზები, მათ შორის, მთავარი მაგისტრალის ის მონაკვეთი, რომელიც ლისაბონსა და პორტუს აკავშირებს.

ევროკავშირის კოპერნიკის პროგრამის მონაცემებით, ხანძრის შედეგად განადგურებულია 62 000 ჰექტარზე მეტი მიწა, დამატებით 47 000 ჰექტარზე მეტი კი დაზიანებულია.

მსგავსი თემები