ენგურის ხიდზე მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ენგურის ხიდზე მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.

11 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარმოადგინა შემდეგი ინფორმაცია:

„მიმდინარე წლის 5 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა მიმართვა გალის რაიონიდან არჩეული ხუთი დეპუტატის (ჯემალ გამახარია, თამაზ ხუბუა, რუდიკ ცატავა, ვახტანგ ყოლბაია და ზურაბ ჯგუბურია) მიმართ. ჩვენ მოგვმართავენ მოქალაქეები, რომლებსაც უწევთ ენგურის ხიდზე მოძრაობა. ისინი ითხოვენ ყურადღებას. დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ მათდამი დამამცირებელი, შეურაცხყმყოფელი დამოკიდებულების გამო, რომელსაც ჩვენს მხარეს მაკონტროლებელი ორგანოების ზოგიერთ თანამშრომელთან ურთიერთობისას აწყდებიან. რასაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები წერენ, წასაკითხადაც მძიმეა. ამ მიმართვის გავრცელების შემდეგაც თითქმის ყოველდღე ქვეყნდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცუდად ექცევიან ადამიანებს, რომლებსაც უწევთ მიმოსვლა ენგურის ხიდზე. ჩვენ არა გვაქვს არანაირი უფლება, რომ ეს საკითხი დავტოვოთ ყურადღების მიღმა. მალე დამტკიცდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მთავრობა, რომელთან ერთად უნდა მივიღოთ აუცილებელი ზომები ვითარების გამოსასწორებლად“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა ისაუბრეს აღნიშნულ პრობლემაზე, უარყოფითად შეაფასეს ამგვარი დამოკიდებულება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მიმართ და შეთანხმდნენ, რომ საკითხი შესასწავლია, შესაბამისი ზემდგომი ორგანოები ჩასაყენებელია საქმის კურსში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მდგომარეობის დროულად გამოსწორების მიზნით.

მსგავსი თემები