სატვირთო მანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი – დაკავებულია 2 ადამიანი

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფის” დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე – 1992 წ. დაბადებული რ.ს და 1998 წ. დაბადებული მ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, სხვადასხვა სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი,” – წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები