ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს ადამიანს პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გვაინ ღამით გამოაცხადა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს პროკურატურამ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. უწყების ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის, სლოვენიისა და სლოვაკეთის მოქალაქეების კუთვნილ, დაახლოებით 3 170 000 ევროს. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დისშვილის საბანკო ანგარიშებზე.

მსგავსი თემები